21 მარტის კამპანიის ფარგლებში ჩატარებული პრინტ კამპანია განსაკუთრებული წარმატება იყო – ACAG-ში გაერთიანებულმა თერთმეტმა კრეატიულმა სააგენტომ შექმნა უნიკალური, ერთმანეთზე უკეთესი პოსტერები, რომლებიც სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლის გზავნილს ატარებს. ფავორიტის შერჩევა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ყველა მონაწილე სააგენტოს მადლობა გადაგვეხადა.
ამ მადლობის ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-თან ახალი თანამშრომლობის დაწყებამ. სასტუმროს მენეჯმენტმა არა მხოლოდ შეხვედრა შემოგვთავაზა, არამედ გაგვიზიარა გრძელვადიანი პარტნიორობის სურვილი. მათ გამოთქვეს სურვილი, უშუალოდ გაიცნონ ჩვენი ახალგაზრდები, გაუზიარონ სასტუმროს საქმიანობა და მიაწოდონ ინფორმაცია სამუშაო ადგილებზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ Hilton Garden Inn Tbilisi Riverview გეგმავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დასაქმებას, რაც ინკლუზიის რეალურ მაგალითს ქმნის.
ღონისძიების დღე
Hilton Garden Inn-ის გუნდმა მთლიანად იზრუნა ღონისძიების გამორჩეულობაზე:
- სტუმრებს დახვდათ მეგობრული ატმოსფერო და ფერად-ფერადი ბურგერები, რომლებიც ბავშვებმა თავად ააწყვეს.სპეციალურად ამ დღისთვის გამოაცხვეს ტორტი, რომელიც სიურპრიზად შეინახეს დასკვნითი მომენტისათვის.
- ყველა კრეატიულ სააგენტოს წარმომადგენელს გადავეცით სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიება გამოირჩეოდა სიხარულითა და ჩართულობით: მონაწილეობდნენ ჩვენი თვითადვოკატები, ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად ესაუბრნენ როგორც Hilton-ის, ასევე სააგენტოების წარმომადგენლებს.
ახალი ტრადიცია – კეთილი ნების ელჩები
ღონისძიებაზე პირველად გამოვაცხადეთ ჩვენი კეთილი ნების ელჩები – ადამიანები, რომლებიც დაუნის სინდრომთან დაკავშირებული თემების პოპულარიზებით უანგაროდ გვიდგანან გვერდში. წელს ოთხი ელჩი გამოვარჩიეთ და თითოეულს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
ჩვენი ახალი მეგობრები
საღამოს კულმინაცია იყო თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერა Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-სა და ჩვენს ასოციაციას შორის. ეს არის არა მხოლოდ ოფიციალური შეთანხმება, არამედ ახალი მეგობრობის დასაწყისი.
მადლობა
განსაკუთრებული მადლობა Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს მათი გულწრფელი დამოკიდებულებისთვის, ადამიანური სითბოსა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ასეთი კომპანიების არსებობა საქართველოში იმედს გვაძლევს, რომ საზოგადოება თანდათან უფრო სწორად აღიქვამს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობებს.
ჩვენი გზავნილი რჩება უცვლელი – სტერეოტიპების დასასრულებლად საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა. წელს შევიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და ეს გვარწმუნებს, რომ ერთად შევძლებთ უკეთესი და ინკლუზიური მომავლის შექმნას.