საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება დაგეგმილი აქტივობები ინკლუზიის ირგვლივ შეეცვალა და აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე გაეკეთებინა.
უკრაინის საელჩო საქართველოში აქტიურად აწარმოებს ჰუმანიტარული რესურსების მობილიზებას, პრიორიტეტულ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი წინდა აღმოჩნდა. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ, სოციალურ საწარმო ბაბალესთან ერთად უკრაინელ ხალხს 1 530 წინდა გაუგზავნა
ყოველწლიური კამპანია #წინდამინდა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების მიერ შექმნილი წინდებით ფანდრაიზინგს ახორციელებს, განახლებული ეგიდით ჩატარდება - კამპანია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის მიმდინარეობს.
ჩვენი ინიციატივით, 28 თებერვლიდან:
• წინდების გაყიდვებიდან შემოსული თანხის 10% გადაერიცხება უკრაინის დაუნის სინდრომის ასოციაციას
• #შეიძინემხარდაჭერისთვის - სურვილის შემთხვევაში შეძენილი წინდა გაეგზავნება უკრაინელ ხალხს
თუ პირდაპირი დონაციის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თანხა გადმორიცხოთ „გიგოს ფონდის“ ანგარიშზე: GE71BG0000000103082111GEL
შემოსული თანხით ფონდი უზრუნველყოფს მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენასა და გაგზავნას უკრაინაში.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, რომელიც Down Syndrome International-ის პარტნიორია, წელს მეთერთმეტედ უერთდება მსოფლიო საზოგადოებას და დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს.
ყოველწლიურად 21 მარტის აღსანიშნავად მუშავდება მსოფლიო გზავნილი, რომლის ირგვლივაც ერთიანდება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციები, მათი სამუშაო პროცესები, მიმდინარე წლის სამომავლო გეგმები და ა.შ.
2022 წელს მთავარი გზავნილია #ინკლუზიანიშნავს
ინკლუზიური გარემოს შექმნა ნიშნავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის სრულყოფილ ჩართვასა და მონაწილეობას საზოგადოებაში.
ინკლუზია ნიშნავს, არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე - 21 მარტი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წელს იქნა ოფიციალურად მიღებული.
მას შემდეგ ჩვენი ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაციასთან “Down Syndrome International” პარტნიორობით ახორციელებს ცნობიერებისა და ცნობადობისკენ მიმართულ კამპანიებს.
რატომ წინდები?
წინდები დაუნის სინდრომის სიმბოლოდ მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო იქცა, იდეამ კამპანიის სახე მიიღო. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან.
ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მოპოვება.