როდესაც გიგომ თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე მოინდომა ჩაბარება, იქ, დედასთან ერთად მისულს, უთხრეს, უკანა კარიდან თუ ივლით ინსტიტუტშიო. ეს ამბავი დედამისმა მომიყვა, გიგო ჩუმად ისმენდა, მერე მეორე ოთახში გამიყვანა და მითხრა: „ეს რომ მითხრეს, მე ვუთხარი: წადი, შენი! და მაგიდას მუშტი დავარტყი. ხომ სწორედ მოვიქეცი?“
მე კარგად ვიცი, რომ ზოგჯერ საკუთარ დაგვიანებულ იმპულსებს ჩადენილ საქციელებად ვასაღებთ, მაგრამ იმედი მაქვს, გიგომ მართლა დააბრახუნა მუშტი იმ მაგიდაზე და კიდევ იმედი მაქვს, ეს მიზანდასახული ადამიანი მაინც მიაღწევს თავისას.
გიგო უკვე ბევრისთვის არის მაგალითი და მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს.
„უკვე დროა მშობლების კი არა, გიგოსნაირების ხმა ისმოდეს ხმამაღლა“, – ეს გიგოს დედის სიტყვებია.
2001 წელს, როდესაც გიგოს სკოლაში წასვლის დრომ მოუწია, ის არც ერთმა სკოლამ არ მიიღო. საწყის განათლებას ის სახლში და დღის ცენტრებში იღებდა და უკვე 14 წლის იყო, როდესაც ათმა თბილისურმა სკოლამ ინკლუზიური პროგრამა გამოაცხადა და მის ცხოვრებაშიც დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაჩნდნენ თანაკლასელები, მასწავლებლები და ყველაფერი ის, რისგანაც ბავშვობა შედგება.
ოღონდ სკოლის დამამთავრებელ საატესტატო გამოცდებზე ვერ გავიდა, რადგან მისთვის წესები გათვალისწინებული არ იყო. ატესტატის ნაცვლად კი მიიღო სერტიფიკატი, რომლითაც მხოლოდ რამდენიმე მისთვის სრულიად უინტერესო ფაკულტეტზე შეეძლო ჩაბარება. გიგოს კი მსახიობობა უნდოდა და უნდა. გამოსდის კიდეც, ათი წლიდან სცენაზე დგას და ბოლო-ბოლო პატარა უფლისწულის როლი აქვს განსახიერებული! კიდევ უნდა, იყოს შოუმენი და არის კიდეც – რამდენიმე წელი იყო პოპულარული თოქ-შოუს „X-ფაქტორის“ თანაწამყვანი. ბარმენობა მოინდომა და ესეც აისრულა, „ჰოლიდეი ინნ“-ში ბარმენის თანაშემწის ვაკანსიაზე გასაუბრებაზე რომ მივიდა, მენეჯერს უთხრა: რამდენი ამ სასტუმროს წინ გავივლი და გამოვივლი, აქ მუშაობაზე ვოცნებობ და Facebook-ზეც დიდი ხნის წინ მაქვს თქვენი გვერდი „დალაიქებულიო“... კოვიდინფექციის გამო ახლა ბარი არ მუშაობს, მაგრამ გიგო კვლავაც ბარმენად ირიცხება, ეს კი უბრალო პროფესია არ არის. „ფაქტიურად ფსიქოლოგიც ვარ, – მეუბნება გიგო, – მარტო კოქტეილების გაკეთება და ყავის დასხმა არ არის საქმე, ისიც უნდა იცოდე, მთვრალს როგორ მოექცე“.
თითქოს გიგოს ამბავი წარმატების ისტორიაა, გიგოც ისე გამოიყურება და ფოტოკამერის წინაც ისე დგას, როგორც წარმატებაზე მომართულ და თავდაჯერებულ ახალგაზრდას შეშვენის, მაგრამ ამ წარმატების უკან დიდი მუშაობა და მრავალი მარცხია და კიდევ მრავალი კედელი, რომელთა დანგრევაზე ეს ახალგაზრდა კაცი ოცნებობს. გიგო ამას დანგრევას კი არა, კარის ამოჭრას ეძახის და, პირველ რიგში, იმ კარს გულისხმობს, წლების წინ სანატრელ თეატრალურ ინსტიტუტში რომ დაუგმანეს.
„დიდი კარი უნდა გამოვჭრა იმ კედელში, მერე ის კარი შევაღო და ოცნება ავისრულო – მსახიობი გავხდე…“
ტექსტი: არჩილ ქიქოძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
“ჩვენ - 30 ამბავი” მომზადდა პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით “გლადა ჰუდიკ თეატრი” ახორციელებს.