ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
თეოდორა და თინი - პროგრამა "7+"
თეოდორა და თინი - პროგრამა "7+"
2021-01-13

„მე და თეომ ერთმანეთი, დაახლოებით, 2 წლის წინ გავიცანით, როცა პროგრამას „7+“ ჩაეყარა საფუძველი. მაშინ ბოლომდე ვერც ერთი ვხვდებოდით, რა მოლოდინები უნდა გვქონოდა ერთმანეთისგან. დღეს კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, მე და თეო ნამდვილი მეგობრები ვართ, რომლებსაც უამრავი მოგონება, პოზიტიური წუთები და წინ გადადგმული ნაბიჯები გვაკავშირებს“ - ადრეული ჩარევის სპეციალისტი, თინი ავსაჯანიშვილი


თინი ილიაუნის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს, საქართველოს პორტიჯის ასოციაციაში კი საკუთარი სპეციალობით მუშაობს.

პროგრამა 7+-ის ფარგლებში აქტიურად არის ჩართული 7-დან 18 წლამდე მოზარდების განათლებისა და განვითარების ხელშემყობ აქტივობებში. მიუხედავად პანდემიისა, თინის, სხვა კოლეგებთან ერთად პროექტის ადაპტირება შეზღუდვებით სავსე გარემოსთან არ გაუჭირდა და თეოსთან ერთად ბევრი საინტერესო ამბავიც გადახდა თავს, რასაც თავად გვიზიარებს:


„თეო წიგნის პერსონაჟს მაგონებს. ანცი, ოხუნჯი ბავშვები რომ არიან, სულ რაღაც ოინის ჩატარებას, რომ ცდილობენ. თანაც ისე ოსტატურად და იუმორით აკეთებს, ვერც შეედავები. ამას წინათ, ვაკის პარკში ვსეირნობდით. უცებ მხარზე ხელი დამადო და თითით ცისკენ მანიშნა. ავიხედე, არაფერი იყო, დავიხედე და სადღაა თეო, მოკურცხლა ადგილიდან და თან დამცინის, მოგატყუეო. მაგრამ ზოგჯერ ისეთი დინჯია, მოგერიდება ზედმეტი სიტყვის თქმა. თეოს თავისი უნიკალური სამყარო აქვს გარშემო და შეუძლებელია ეს სამყარო მასთან ერთად არ გაიზიარო. ამ სამყაროს კი თეოს ინტერესები ქმნის: თოჯინები, ნახატები, სპორტი, ცეკვა, სიმღერა, ტკბილეულის მომზადება... სწორედ ამ ინტერესების კვლევა და გამრავალფეროვნებაა ჩემი და თეოს მიზანი პროგრამა „7+“-ის ფარგლებში, რომ მომავალში თავისი ინტერესების მიხედვით შეძლოს დასაქმება და შეაბიჯოს ზრდასრულ ცხოვრებაში. ამისთვის კი გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, სადაც გვერდს ვერ ავუვლით კომუნიკაციის, ანგარიშის, წერა-კითხვის, სოციალური, თვითმოვლის და სხვა უნარების განვითარებას, რომლებიც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის არის საჭირო.  


No description available.


ყველაფერს, რასაც თეო აკეთებს, აკეთებს ისე, როგორც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. საკმარისია, მის დახატულ პერსონაჟებს შეხედოთ, მიხვდებით როგორი ინდივიდუალური და განსხვავებულია. ამიტომ დარწმუნებლი ვარ, ყველაფერს, რასაც თეო ხელს მოკიდებს, ისევე გამორჩეულად გააკეთებს, როგორიც თავადაა. ჩვენ კი შევეცდებით, ვიყოთ მის გვერდით და დავეხმაროთ მიხვდეს, რა არის ის, რისი კეთებაც უნდა ზრდასრულობაში.“

 

პროგრამის ფარგლებში 12 მოზარდი გადამზადდება, ჩვენ კი სიამოვნებით გაგაცნობთ ყველას.

 "7+" - გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

პროექტის მხარდამჭერია  "ევროპის ფონდი"