მაღაზიაში წავედით ერთად და სახლიდან სულ რაღაც ასიოდე მეტრში მდებარე მარკეტამდე მისაღწევად კარგა ხანი დაგვჭირდა, რადგან ყველა გამვლელს ესალმებოდა, უჩერდებოდა, ვიღაცებს მაცნობდა.
როგორ ხარ, ალექს? – ეძახდნენ მანქანებიდან და ისიც მაღლა აწეული ცერა თითით პასუხობდა. ვუყურებდი და ჩემთვის ვფიქრობდი, რომ მისი მსგავსი კომუნიკაბელური და პოზიტიური ადამიანი ძალიან ცოტა შემხვედრია. ალექსი სიკეთეს და დამოუკიდებლობას ასხივებდა, სინამდვილეში კი, ეზოსა და ქუჩაში მარტომ გასვლა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.
მარტოობაც უყვარს და საკუთარი ლეგოს კონსტრუქტორებით სავსე ოთახიც, სადაც ხშირად ელაპარაკება ვიღაცებს. ოთახის კარი მოხურულია, ალექსი მარტოა, მაგრამ მუდმივად ვიღაცას ესაუბრება. ასეთი აჩემებული პერსონაჟები ბევრია. ალექსის დედის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მეგობარი ნიკო, რომელსაც ხშირად ელაპარაკებოდა ალექსი, რეალური აღმოჩნდა – მათი მეზობელი, ეზოში გაცნობილი ბავშვი.რაღაც ხანი მათთან ერთად სკოლაში ბიძო მგზავრობდა. ალექსი მას კარს უღებდა და პირველს უშვებდა სალონში. გზაში გაუთავებლად ელაპარაკებოდა და სკოლაში ერთად შედიოდნენ. ერთხელ დედას მანქანა ღია დარჩა და რომ შეიცხადა, ალექსიმ დაამშვიდა, ბიძინა იქ არ არისო?! ბოლოს წარმოსახვითი ბიძო მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, რაზეც ყველამ ბევრი იცინა. ასეთია ალექსი, ირთობს თავს და სხვებსაც ეპატიჟება ამ გასართობში.
აქვს მუშაობის გამოცდილება. ძმის ბარშიც მუშაობდა და დედასაც ეხმარება ხოლმე სუვენირების მაღაზიაში, სადაც ყველაზე უკეთ გაყიდული სამახსოვრო ნივთების ლამაზად შეფუთვა გამოსდის, მაგრამ ეს მცირე სამუშაოებია. ალექსი საკუთარ კვების ბიზნესზე ოცნებობს, ხან საშაურმის დირექტორად წარმოუდგენია თავი, ხან – საცხობის.
სიგიჟემდე უყვარს თავისი უფროსი ძმები. დილა მათ ოთახში შევარდნით და მათთან ჩახუტებით იწყება. მგონია, რომ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს რიტუალი და ყოველი დღის დასაწყისში ალექსანდრესგან გაცემული სითბო.
ტექსტი: არჩილ ქიქოძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
“ჩვენ - 30 ამბავი” მომზადდა პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით “გლადა ჰუდიკ თეატრი” ახორციელებს.