ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
ჩვენ - 30 ამბავი, ანა
ჩვენ - 30 ამბავი, ანა
2021-12-09

ისე მოხდა, რომ სანამ შევხვდებოდი, მე ამ არაჩვეულებრივი დედა-შვილის ისტორია ინტერნეტში გამოქვეყნებული ინტერვიუდან ვიცოდი. წაკითხული მქონდა, რომ ანას სხვა ბიოლოგიური დედა ჰყავდა, ნამდვილმა დედამ კი ჩვილ ბავშვთა სახლში შემთხვევით ნახა, შეიყვარა, უპატრონა, რამდენიმე მძიმე ოპერაცია მასთან ერთად გადაიტანა, მერე კი მრავალი ბიუროკრატიული სირთულის მიუხედავად, იშვილა. მახსოვდა, მის სამეგობრო წრეში როგორი არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქალის გადაწყვეტილებას, ეშვილა არატიპიური ბავშვი, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა. ვიცოდი, როგორი ბედნიერები იყვნენ ერთად. მათ ნახვას განსაკუთრებით ველოდი და ვნახე კიდეც სოლოლაკის ლამაზ ეზოში, სადაც ცხოველების დიდი მოყვარული ანა იქაურ ქოფაკს ეთამაშებოდა. მაშინვე იმ ინტერვიუდან გამახსენდა ერთი ადგილი, სადაც ანას დედა ყვებოდა, სკვერში სეირნობისას ძაღლთან მოთამაშე შვილზე როგორ ჰკითხა ვიღაც ქალმა: ხვდება, ვითომ, ახლა ეს, ძაღლს რომ ეფერება?...


ოღონდ ჩვენ უგულო და ბრიყვ ადამიანებზე არ გვილაპარაკია. ფოტოკამერის წინ ანას პოზიორობით ვტკბებოდით, ბევრს ვიცინოდით და ამ პატარა, ნიჭიერ და პრანჭია გოგოზე ვსაუბრობდით. დედამ ანას პერსონალურ გამოფენაზე გადაღებული მისი ფოტო მაჩვენა ტელეფონში, იქაც როგორ იპრანჭებოდა და როგორი ბედნიერი სახე ჰქონდა?! ყველაფერზე ეტყობოდა, რომ ტრიუმფით ტკბებოდა.


ხატვა ანამ ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ხელის მგრძნობელობის გასავარჯიშებლად ოკუპაციურმა თერაპევტმა ხელი ჩააწობინა საღებავში და ფერი ფურცელზე გადაატანინა. მაშინ დაიწყო ყველაფერი. ანას პირველივე ნახატი ნამდვილი ფერწერა იყო. ოღონდ პატარა მხატვარს ერთი ჩვევა აღმოაჩნდა – თეთრი ფონი არ მოსწონდა. ჯერ რამე ფერს ადებდა ფურცელს და მერე იწყებდა ზედ ხატვას. ისწავლა მოთმინებაც, რადგან დაფერილი ფურცლის გაშრობას დრო სჭირდებოდა. ამ ჩვევისთვის არასოდეს უღალატია. ახლაც, როდესაც უკვე აკრილით და ტემპერათი ხატავს დაჭიმულ ტილოზე, ჯერ ფონს ამზადებს, აშრობს და მერე იწყებს ფერწერას.


არის პერიოდები, როცა იშვიათად ხატავს, მაგრამ ზოგჯერ კვირის ყოველ დღეს თავდავიწყებით უძღვნის ამ საქმეს. პერიოდულად ალბომებში ნანახი სხვადასხვა მხატვრის გავლენაც აქვს. „აი, ეს მიროს გავლენაა, აქ კი ბასკიას გავლენა იგრძნობა“, – ღიმილით მაჩვენებს დედა მის ნახატებს და მეც გაღიმებული ვუქნევ თავს, რადგან ვიცი, გავლენის გარეშე ხელოვნება არ არსებობს.


სოფელში გატარებული ზაფხულების მერე ანას ნახატები უფრო ფერადი ხდება. ხატვაში გართულმა ზომა არ იცის. ზოგჯერ ძალიან სქლად დააქვს ტილოზე ფერები. ერთი ხანობა ფუნჯითაც ხატა და ახლა ისევ ხელით ხატვას დაუბრუნდა, რითაც ძალიან გაახარა დედა, რომელიც ხუმრობს, რომ ფუნჯით ხატვის პერიოდში ანა „პაპსასკენ“ გადაიხარა. ახლა კი ისევ ნამდვილ ხელოვნებას ქმნის ეს პატარა, ლამაზი, მთლიანად საღებავში ამოგანგლული გოგო, რომელიც ტილოდან შეიძლება პირდაპირ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მოხატვაზე გადავიდეს. სულ არ დაინანოს ფერები და განსაკუთრებით – საყვარელი ლურჯი და ყვითელი, რომლებიც მუდამ პირველი უთავდება.


ტექსტი: არჩილ ქიქოძე

ფოტო: ლევან ხერხეულიძე


“ჩვენ - 30 ამბავი” მომზადდა პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით “გლადა ჰუდიკ თეატრი” ახორციელებს.