აპრილში, როდესაც თბილისის მახლობლად, აგარაკზე, ჯერ კიდევ ძალიან ციოდა, ხოლო ტრანსპორტის მოძრაობა კოვიდპანდემიის გამო იყო პარალიზებული, ერთ მშვენიერ დილას ერეკლე სახლიდან გაიპარა. სანამ ოჯახის წევრებს ეძინათ, ჩუმად გახსნა ურდული და ტყეში გაისეირნა. უკან ვიღაც კაცმა მოიყვანა, პიჟამოთი და ბოტებით, წვიმისგან სველი და ბედნიერი. მე ასე წარმომიდგენია, რომ სახლში დაბრუნებული ერეკლე ჭიშკრიდან კოცნას უგზავნიდა ოჯახის წევრებს. ეს მისი საყვარელი ჟესტია.
ერეკლეს დედამ მითხრა, რომ ყველა მშობელს, ვისაც მისი შვილის დიაგნოზით უჩნდება ბავშვი, ერთსა და იმავეს ურჩევს, იმას, რაც ცხოვრებამ ასწავლა, რომ სანამ მშობლები ჯერ შოკის და მერე შეგუების ფაზაში იმყოფებიან, აუცილებლად უნდა გაიაზრონ, რომ მათი შვილები ბედნიერები არიან, არ სტკივათ. ის, რომ მათ შვილებს რაღაც რაოდენობაზე მეტი ქრომოსომა აქვთ, თავად მშობლებს ამძიმებს და არა – ბავშვებს. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. ერეკლე კი ბედნიერი ბავშვია, ტიპიური ბავშვებისგან განსხვავებით, წყენას დიდხანს არ იტოვებს, ჩახუტებაც ყველაზე მაგარი იცის და სხვაზე ზრუნვაც. თავისზე ასაკით პატარებზე განსაკუთრებით ზრუნავს. გიჟდება ცხოველებზე და, საერთოდაც, ერთი დიდი სიხარულია მისი ოჯახში ყოფნა და კიდევ, ერეკლემ ყველას ცხოვრება შეცვალა – თავისი მშობლების, დის და ძმების და კიდევ მათი მეგობრებისაც, რადგან ისინიც კი უფრო კაცთმოყვარეები და უკეთესები გახდნენ, რადგან ბავშვობიდან ისწავლეს განსხვავებულის პატივისცემა და სიყვარული.
ერეკლეს კი საკუთარი „გამოწვევები“ აქვს. რადგან ადამიანები ძალიან უყვარს, ცდილობს ყველას ჩამოართვას ხელი ან მანქანიდან მაინც დაუქნიოს, ხოლო ყველაზე მეტად მათთან კონტაქტს ეშურება, ვინც მას არ ამჩნევს ან მასთან ურთიერთობას გაურბის. უფრო ხშირად გამოსდის, მაგრამ იშვიათად ისეც ხდება, რომ ჩასახუტებლად ხელებგაშლილს ზურგს აქცევენ და მაშინ, როდესაც ღიმილი ეყინება სახეზე, ამის შემხედვარე მშობლებსაც ჩასწყდებათ ხოლმე გული, მაგრამ როგორც დედამისი ამბობს, „ასეთი რამე ტიპიურ ბავშვსაც შეიძლება დაემართოს, ასე არ არის?“
ტექსტი: არჩილ ქიქოძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
“ჩვენ - 30 ამბავი” მომზადდა პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით “გლადა ჰუდიკ თეატრი” ახორციელებს.