მხიარულს და მოსიყვარულეს ფოტოსესიის დროს ერთი არ გაუღიმა. საერთოდაც, ჩვენს სტუმრობას ძალიან სერიოზულად მოეკიდა. ჩვენ მნიშვნელოვან დღეს შევხვდით ერთმანეთს. იმ დილას ირაკლიმ პირველად გაიპარსა წვერი. „გავიზარდე, – მითხრა რამდენჯერმე და საკუთარი დაბადების ამბავი მომიყვა. – ექიმებმა თქვეს, ბიჭიაო და ხელში ამიყვანეს“. დაბადება, გარდაცვალება, ქორწინება, გაყრა – ირაკლის ის პერიოდი აქვს, როდესაც ადამიანი ამაზე ბევრ ფიქრს იწყებს. ირაკლიც მოცულია ამ ამბებით, მეტადრე კი საკუთარი დაბადებით და ცხოვრების პირველი დღეებით, ის ხიბლავს, რაც მისი მეხსიერების მიღმაა, რის შესახებაც სხვებისგან სმენია.
ექიმებმა თქვეს, ბიჭიაო... ბებიებმა წაიყვანეს თავისთან და ძალიან უყვარდათ. ახლაც უყვართ. როდესაც ირაკლი რომელიმე მათგანის სახლში რჩება, დილით გაღვიძებული, ბებიას მუდამ ერთი და იმავე სიტყვებით ესალმება: დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო და ჩემო სიტკბო. ოღონდ ირაკლი „სიტკბოს“ ნაცვლად „სიკმოს“ ამბობს და ბებიებიც ასე ეძახიან: „ჩვენი სიკმო“.
მუსიკა უყვარს. განსაკუთრებით, ბრიუს სპრინგსტინი, რომლის კომპოზიციებზე საათობით შეუძლია იცეკვოს.
„ბედნიერი ვარ, რომ გავიზარდე“. ირაკლიმ წვერი გაიპარსა, მანამდე კი დაიბადა და ექიმებმა თქვეს, ბიჭიაო... ირაკლიმ იცოდა, რომ ჩვენ მივდიოდით სტუმრად, ისიც იცოდა, რომ რაღაც უნდა მოეყოლა საკუთარ თავზე. ამ მისთვის მნიშვნელოვან დღეს ეს ამბავი მოამზადა და იმდენჯერ გვიამბო საკუთარი დაბადების შესახებ, რომ ბოლოს ამ ამბავმა სრულიად მითოლოგიური ელფერი შეიძინა.
ირაკლი გულითადი მასპინძელია. სტუმარი უყვარს. საერთოდაც, ყველა უყვარს, ადამიანებიც და ცხოველებიც. საათობით შეუძლია ზოოპარკში მაიმუნების გალიის წინ გაჩერდეს და იმათ ცხოვრებას დააკვირდეს. მალე ირაკლის ოჯახში ახალი წევრი გამოჩნდება. ლეკვი უნდა მოიყვანონ და ირაკლი მომავალი აღსაზრდელის სახელზე ფიქრობს. სამი ვარიანტი აქვს და სამივე იმ ადამიანების სახელებია, რომლებიც განსაკუთრებით უყვარს. ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა ჯიშს აარჩევენ, მაგრამ მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაუმართლებს იმ ლეკვს, რომელსაც პატრონად ეს მზრუნველი ადამიანი შეხვდება.
ტექსტი: არჩილ ქიქოძე
ფოტო: ლევან ხერხეულიძე
“ჩვენ - 30 ამბავი” მომზადდა პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით “გლადა ჰუდიკ თეატრი” ახორციელებს.