ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
ჩვენ - 30 ამბავი, ლილე
ჩვენ - 30 ამბავი, ლილე
2021-12-14

ლილე მზრუნველია, ზრუნავს ადამიანებსა და ქოთნის ყვავილებზე. ბევრ თავის ტოლზე მეტად დამოუკიდებელია. სახლში მარტო დარჩენა მისთვის პრობლემა არ არის, საკუთარ თავთან მარტოობა არ უმძიმს. ჯიუტია, ახტაჯანა და თამამი. ვერ ზომავს სიყვარულს და ჩახუტების ძალას.


ასეთად იცნობდნენ.


მერე მუსიკალური თერაპიის პედაგოგმა ლილეზე თქვა, რომ გოგონა ფაქიზი, სათუთი და ნაზია და მშობლებს ყურადღება იმაზე მიაქცევინა, როგორ გაუბედავად ეხებოდა ლილე ინსტრუმენტის კლავიშებს...


ასეთიც ყოფილა.


კიდევ, ლილე ძალიან ჯიუტია. თუ რაღაც აიჩემა, ვერ გადაათქმევინებ. ერთხელ ლილემ და დედამ როლები გაცვალეს. დედა ლილე გახდა და ყველაფერზე არა! არა! არას! იძახდა, ჯიუტობდა, ოღონდ დედად ქცეული ლილე მას არ გაბრაზებია, არ გამოსულა წყობიდან, „შვილის“ ნებისმიერ პროტესტს მშვიდად პასუხობდა: არა უშავს… ყოველ შეგონებას ამ სიტყვებით იწყებდა – „არა უშავს“ და მერე მოთმინებით უხსნიდა, რატომ იყო ამა თუ იმ რამის გაკეთება საჭირო.


„ლილემ მოთმინება მასწავლა, – მეუბნება მისი დედა, სანამ ლილე ფოტოკამერის წინ უხალისოდ პოზირებს, – მასწავლა, რომ მოთმინებას საზღვარი არა აქვს, არ ჰქონია...“


ამას ისე მიამბობს, რომ მინდება დედა-შვილს მადლობა ვუთხრა, თითქოს ჩემ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი, თითქოს ვხედავ, როგორ სწევს სიყვარული რაღაც ზღუდეს, შორს სწევს, მერე – კიდევ უფრო შორს, იმდენად შორს, რომ ბოლოს ჩემი თვალსაწიერიდან საერთოდ აქრობს.



ტექსტი: არჩილ ქიქოძე

ფოტო: ლევან ხერხეულიძე


“ჩვენ - 30 ამბავი” მომზადდა პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით “გლადა ჰუდიკ თეატრი” ახორციელებს.