ქარ
Eng
    დონაცია
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
ჩვენ  -  30 ამბავი,  სესილი
ჩვენ - 30 ამბავი, სესილი
2021-12-05

„მსახიობობა რომ არა, რა გამოვიდოდი?.. – სესილი ღრმად ჩაფიქრდა, – ალბათ, ფოტოგრაფი და ფერად ყვავილებს გადავიღებდი“.


მაგრამ სესილი მაინც მსახიობია. ამით სულდგმულობს. მშობლიურ ზუგდიდში ცხოვრებაზე უარი თქვა, რადგან იქ თეატრი არ იყო. თბილისში კი ორ თეატრშია დაკავებული და როგორც თვითონ მითხრა, ეს არის მისი ცხოვრება.


ფენომენალური მეხსიერების პატრონს მხოლოდ საკუთარი როლები კი არ ახსოვს, ნებისმიერ პარტნიორს შეუძლია უკარნახოს რეპლიკა. ყველა დიალოგი ზეპირად იცის. საკუთარ დაბადების დღესაც თეატრში იხდის, ამიტომაც უყვარს წელიწადის ყველა დროზე მეტად ზამთარი. თებერვალშია დაბადებული და უკანასკნელ დაბადების დღეზე თეატრში, უზარმაზარი თაიგულით, საყვარელი მომღერალი ანრი ჯოხაძე ესტუმრა. ეს ყველაზე დაუვიწყარი დაბადების დღე იყო.


სესილის მამამ მითხრა, რომ, მისი აზრით, სესილის მსგავსი ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ძალიან შორს არის იდეალურისგან, მაგრამ მაინც უკეთესია, ვიდრე ადრე, როცა არატიპიურ ბავშვს ისე უყურებდნენ, როგორც კეთროვანს. ინკლუზიური ცენტრებიც კი შედარებით „იოლ ბავშვებს“ ეძებდნენ. სკოლის პოვნა გაჭირდა და როცა მაინც მოხერხდა, გაუმართლათ, რადგან სესილის არაჩვეულებრივი დამრიგებელი ჰყავდა. 14 წლის კი ინკლუზიურ თეატრში მოხვდა და მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.


ორი წლის წინ სესილი ჩინეთშიც კი იყო გასტროლებზე. დიდი კედელი და იმპერატორის სასახლე ნახა, უამრავი ფოტო გადაიღო. ეს დაუვიწყარი მოგზაურობა იყო.


შარშან სესილის სიკვდილისთვის მოუწია თვალის გასწორება. მისი მეგობარი გულის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. სესილიმ გრძელი წერილი მისწერა მეგობარს და უთხრა, რომ დარწმუნებულია, რომ ის ახლა კარგადაა და იქ არის, სადაც სინათლე და სიხარულია.


„კარგი ხასიათი მაქვს, – მეუბნება სესილი, – მარტო მაშინ ვტირი, როცა მჩაგრავენ ან მატყუებენ.."



ტექსტი: არჩილ ქიქოძე

ფოტო: ლევან ხერხეულიძე


“ჩვენ - 30 ამბავი” მომზადდა პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში, რომელსაც საქართველოში “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით “გლადა ჰუდიკ თეატრი” ახორციელებს.