ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის - თანაგრძნობიდან ადამიანის უფლებებამდე
გზავნილი - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ფუნდამენტური მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ.
ჩვენ უნდა შევცვალოთ შეზღუდული შესაძლებლობების აღქმის მოძველებული მოდელი, რის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქველმოქმედებისა და მოწყალების ობიექტებად მოიაზრებოდნენ, როცა მათ ნაცვლად სხვას უნდა ეკეთებინა ყველაფერი.
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები თავისი ცხოვრების შესახებ;
- იმუშაონ სხვებთან ერთად თავისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
ინდივიდუალური ავტონომია და არჩევანის გაკეთების თავისუფლება
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მთავარი პრინციპი (მუხლი 3, UN CRPD) სწორედ ინდივიდუალურ ავტონომიას და არჩევანის თავისუფლებას ეფუძნება - „ადამიანის თანდაყოლილი პიროვნული ღირსების, მისი ინდივიდუალური ავტონომიის პატივისცემა, გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებისა და პიროვნების დამოუკიდებლობის ჩათვლით“.
მიუხედავად კონვენციის მთავარი პრინციპისა, დაუნის სინდრომის მქონე პირებს ხშირად მაინც არასწორი ფორმით უჭერენ მხარს - აკონტროლებენ და ყველაფერს აკეთებენ მათთვის და არა მათთან ერთად.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების გლობალური ქსელი მოუწოდებს ნებისმიერ მხარდამჭერს იყოს ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის.
ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართვა
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მეშვეობით, აქტიურად უნდა ჩაერთონ მათთან დაკავშირებული ყველა კანონისა და პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში“ - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (მუხლი 4, UN CRPD, ზოგადი კომენტარი 7).
ბევრი ორგანიზაცია გამორიცხავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სამუშაო პროცესში ჩართვას. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს მათთვის და არა მათთან ერთად.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები
დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და მისი წევრი ორგანიზაციები არიან DPO-ები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები). ეს გლობალური ქსელი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს წარმოვადგენთ, ვმუშაობთ მათთან ერთად და არა მათთვის, როგორც ამას ხშირად აკეთებენ საქველმოქმედო ორგანიზაციები, თუ სხვადასხვა ჯგუფები.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი (UN CRPD) ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია:
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა და მონაწილეობა „წარმომადგენლობით“ ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებში“. (UN CRPD, ზოგადი კომენტარი 7).
ამის
შესახებ კომიტეტი ასევე აცხადებს:
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები უნდა განვასხვავოთ იმ ორგანიზაციებისგან, რომელთა დასახელება სრულდება ბოლოსართით „-თვის“, რომლებიც პოზიციონირებენ, რომ მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების-თვის, მათ დასახმარებლად“. (UN CRPD, ზოგადი კომენტარი 7)
ჩვენი
გლობალური ქსელი მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებებს, ჩართონ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები ყველა გადაწყვეტილებაში და იმუშაონ ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის.