Eng
    Dotane
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
მითები და რეალობა
მითები და რეალობა
2021-07-31

მითი და რეალობა


საზოგადოებაში არაერთი მცდარი მოსაზრება არსებობს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნულ ფაქტს საფუძვლად არასწორი ინფორმაციის გავრცელება უდევს, რომელიც არც  რეალობაზეა დაფუძნებული და არც სამეცნიერო  კვლევებზე. 

მოსაზრებები, რომელთაც ქვემოთ იხილავთ, წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული და დამკვიდრებულია. მაგალითად, დაუნის სინდრომის გლობალური ფონდის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ  მითები და რეალობა, რომელთა უმრავლესობას მითითებული აქვს შესაბამისი ბმული კვლევებზე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ მათ. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პუბლიკაციები:

https://www.globaldownsyndrome.org/about-down-syndrome/misconceptions-vs-reality/



მითი: 

დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვი შეიძლება ეყოლოს  მხოლოდ ასაკოვან მშობლებს

რეალობა:

მიუხედავად იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადების ალბათობა მშობლის ასაკთან ერთად მატულობს, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლები  უფრო ხშირად ახალგაზრდები არიან, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში უფრო მაღალ შობადობას ასახავს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის თანახმად, დაუნის სინდრომის მქონე ახალშობილის დაბადება  დაახლოებით 80%-ში აღინიშნება  ქალებში,  რომელთა ასაკი 35 წელს არ აღემატება.

https://www.cdc.gov/ncbddd/birthdefects/downsyndrome.html 


მითი:

დაუნის სინდრომი იშვიათი ქრომოსომული დარღვევაა

რეალობა:

დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული ცვლილებაა. დაახლოებით 800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. გოგონებსა და ბიჭებში იგი ერთნაირი სიხშირით გვხვდება. მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში იმატა დაუნის სინდრომის მქონე  ახალშობილების დაბადებამ. მაგალითად, საქართველოში წლების წინ ბავშვებს, მოზარდებს, ზრდასრულებს საზოგადოებას არიდებდნენ, მალავდნენ. დღეს კი ცნობიერების დონე ბევრად მაღალია. მშობლები არ მალავენ თავიანთ შვილებს და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ზრდიან.


მითი:

დაუნის სინდრომი მემკვიდრეობითია და  მშობლებისგან შვილებს გადაეცემათ

რეალობა: 

დაუნის სინდრომი არ გადაეცემა მემკვიდრეობით.


მითი:

დაუნის სინდრომი გადამდები დაავადებაა

რეალობა:

დაუნის სინდრომი არც დაავადებაა და არც გადამდებია, რადგან ის არ არის გამოწვეული პათოგენური მიკროორგანიზმებით, როგორიცაა: ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები, სოკოები, რომლებსაც  აქვთ ადამიანთა შორის  გავრცელების უნარი.




მითი:

დაუნის სინდრომს მშობლების მიერ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და  ალკოჰოლის  მოხმარება, მათზე დამოკიდებულება იწვევს 

რეალობა: 

ზემოაღნიშნული მავნე ნივთიერებები არ არის დაუნის სინდრომის გამომწვევი მიზეზი. რაღა თქმა უნდა, ყველა ეს ნივთიერება ტოქსიკურია და ზეგავლენას ახდენს ნაყოფისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე, როგორიცაა ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი, ახალშობილთა სიკვდილიანობა, წონის დეფიციტი, აბსტინენციის სინდრომი ახალშობილებში, განვითარების შეფერხება და ა.შ. მსოფლიოში არ არსებობს კვლევა, რომელიც აღწერს ან  ადასტურებს მათ  უშუალო როლს დაუნის სინდრომის ჩამოყალიბებაში.

ძალიან ხშირად დედებს ჰგონიათ, რომ ფეხმძიმობის დროს მათმა არასწორმა ქცევამ განაპირობა ბავშვში დაუნის სინდრომის ჩამოყალიბება. სინამდვილეში, სპერმატოზოიდი ან კვერცხუჯრედი განაყოფიერებამდე უკვე შეიცავს ზედმეტ 21-ე ქრომოსომას. ასე რომ, ეს ცვლილება ვერ იქნება ფეხმძიმობის პერიოდში დედის არასწორი ქმედების შედეგი.


მითი:

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი მშობლებს ცოდვების გამო, ერთგვარი სასჯელის სახით ევლინება

რეალობა:

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, ისევე როგორც ყველა ბავშვი დედამიწაზე, მშობლისთვის  საჩუქარია. შეუძლებელია  დედობა/მამობა სასჯელად იყოს აღქმული. იყო მშობელი, ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე მატერიალიზებული გამოვლინებაა. შვილების მეშვეობით მშობლები სიყვარულისა  და კეთილშობილების მნიშვნელობას კიდევ უფრო ღრმად შეიცნობენ, მათგან ბევრ რამეს სწავლობენ და უფრო ჰუმანურები ხდებიან.


მითი:

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ერთნაირად გამოიყურებიან, გარეგნობით ყველა ერთმანეთს ჰგავს

რეალობა: 

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ყველაზე დიდი მსგავსება მშობლებთან და ოჯახის წევრებთან აქვთ. არსებობს რამოდენიმე გარეგნული მახასიათებელი, რომელიც შეიძლება მსგავსი ჰქონდეთ. მაგალითად, როგორიცაა: თვალების, სახის, ყურების ფორმა და სხვა.


მითი:

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები თავს მუდამ ბედნიერად გრძნობენ

რეალობა:

როგორც ნებისმიერი ადამიანი, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანიც თავისი ინდივიდუალური ხასიათის მატარებელია. როგორც ყველას, მათაც სწყინთ, ბრაზდებიან, უხარიათ, ახასიათებთ გუნება-განწყობის  ცვლილება სიტუაციის მიხედვით. 


მითი:

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მოკლეა

რეალობა:
ბოლო წლებში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო მედიცინის განვითარებამ, სწორმა  და დროულმა სამედიცინო მეთვალყურეობამ, მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 60 წელს, არაერთ ადამიანს მიუღწევია 80 წლისთვისაც  კი.

https://academic.oup.com/eurpub/article/17/2/221/435114



მითი: 

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ვერ ცნობენ მშობლებსა და ოჯახის წევრებს.
რეალობა:

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები არამცთუ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ცნობენ, არამედ გარემოში  კარგი ორიენტაციითაც გამოირჩევიან და ნაცნობ ადგილებს მაშინვე აგნებენ.


მითი:

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სწავლობენ/საშუალო განათლებას იღებენ სპეციალურ ბაღებსა და სკოლებში
რეალობა:

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან საჯარო ბაღებში და სწავლობენ საჯარო სკოლებში. მათ არ სჭირდებათ სპეციალური სკოლების არსებობა, რადგან ტიპური განვითარების ბავშვებთან ერთად ისინი სწავლობენ და ვითარდებიან, აღწევენ წარმატებებს. ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის, არამედ მათი თანატოლებისთვის, მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის. სოციალური ინკლუზია თანაბარუფლებიანობისა და ჰუმანურობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხატულებაა. კანონი ითვალისწინებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვის უფლებაა, მიიღოს განათლება საჯარო ბაღსა და სკოლაში. ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. 

 

მითი:

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ვერ სწავლობენ წერა-კითხვას

რეალობა:

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ წერა და კითხვა. უფრო მეტიც, ისინი კარგი მოსწავლეები არიან და სწორი/მოტივირებული სწავლების შემთხვევაში, შედეგი მალევე დგება. არსებობს  სახელმძღვანელოები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვუვითაროთ წერა-კითხვის უნარი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს.

 

მითი:

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ სიარული, ვერ კავდებიან სპორტით 

რეალობა:

სხვა ბავშვებთან შედარებით, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვმა სიარული შეიძლება ცოტა მოგვიანებით დაიწყოს, რისი მიზეზიც კუნთების ჰიპოტონუსია, მაგრამ სიარულს ის აუცილებლად დაიწყებს! ადრეული განვითარების პროგრამაში დროული  ჩართვა, ფიზიკური თერაპიის დროული დაწყება კარგად ავითარებს მსხვილ მოტორიკას. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს შეუძლიათ არამარტო სიარული, არამედ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვა. მსოფლიოში არაერთი სპორტული გუნდია, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები თამაშობენ. არსებობს პარაოლიმპიადებიც, სადაც წარმატებით ასპარეზობენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები.

https://www.su-ds.org/news/ 

http://www.lifenews.com/2012/11/29/student-athlete-with-down-syndrome-becomes-state-champion/

მითი:

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი უარყოფით ზეგავლენას ახდენს  დედმამიშვილებზე

რეალობა: 

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადება არ აისახება უარყოფითად მის და-ძმაზე, უფრო მეტიც,  სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ და-ძმის მზრუნველობა დადებით ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს როგორც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვზე, ისე მის დედმამიშვილზე. 

https://assets.cdn.down-syndrome.org/pubs/a/research-highlights-2043.pdf

იხილეთ ვიდეო “სიყვარულით ლილესგან და დემნასგან”

https://www.radiotavisupleba.ge/a/daunis-sindromis-dge/29112916.html


დედმამიშვილები საუბრობენ დაუნის სინდრომის მქონე და-ძმაზე:

https://www.imedi.ge/ge/video/22258/21-marti--daunis-sindromis-saertashoriso-dgea


https://www.youtube.com/watch?v=Wsw0v9ywnPk


https://www.youtube.com/watch?v=sJLSj43nSiI



მითი

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება და მუშაობა

რეალობა

მათ შეუძლიათ იცხოვრონ დამოუკიდებლად, როგორც ოჯახის წევრის მხარდაჭერით, ასევე მხარდაჭერის გარეშე. მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრობს და დასაქმებულია. ისინი  პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობებს  და კარგი თანამშრომლები არიან. 

გიგოს ისტორია:

https://www.youtube.com/watch?v=1UqcgfA9CN4


https://on.ge/story/18463


მითი:

დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვებს განვითარების პერსპექტივა არ აქვთ, უმჯობესია მათზე სახელმწიფომ იზრუნოს

რეალობა:

ინდივიდუალური, სწორი და დროული მხარდაჭერით მათი განვითარების პროცესი ძალზე შედეგიანად მიმდინარეობს. ისინი იძენენ სხვადასხვა უნარ-ჩვევას, დადიან სკოლაში, სწავლობენ, ეწევიან სრულფასოვან, დამოუკიდებელ ცხოვრებას. მათ ისევე შეუძლიათ განვითარება, სწავლა, მუშაობა, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. მშობლების ზრუნვისა და სიყვარულის გარეშე დარჩენილთ, ინსტიტუციაში მცხოვრებთ, გაუჭირდებათ საზოგადოებაში ინტეგრაცია და არც განვითარების პერსპექტივა აქვთ.

იხ. ვიდეო:  https://1tv.ge/video/azdakis-baghi-mzadeba-premieristvis/