Eng
    Dotane
ავტორიზაცია რეგისტრაცია
ან
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
2021-03-11

2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი დაწესდა. 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.


საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, რომელიც Down Syndrome International-ის პარტნიორია, წელს მე-10-ედ უერთდება მსოფლიო საზოგადოებას და დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს.


პანდემიის პირობებში ცხოვრებიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშნელოვანი აღმოჩნდა დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის საზოგადოებასთან კომუნიკაცია. პანდემიის რთულმა პერიოდმა დ/ს პირების გარემოსთან ინტეგრაციის პროცესი შეზღუდვებით წარმართა. აღნიშნული რიგი მიზეზებიდან გამომდინარე 2021 წლის მსოფლიო გზავნილია #ჩვენვაკავშირებთ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით საკმაოდ აქტიური და კომუნიკაბელური დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია „კავშირზე“ ყოფნა.


ასოციაცია ყოველწლიური საქველმოქმედო კამპანიით #წინდამინდა დაუნის სინდრომის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. წინდები, რომლებიც კამპანიის ფარგლებში შეიქმნა განსაკუთრებული დატვირთვის არის, რადგან სწორედ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნახატების დიზაინით შეიქმნა.


2021 წლის საქველმოქმედო კამპანიიდან შემოსული თანხები დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების პროგრამა „7+“-ში ჩართვას მოხმარდება


საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები 0-დან 7 წლამდე ასაკში სარგებლობენ ადრეული განვითარების პროგრამით. 7 წლიდან კი მათთვის მხოლოდ საჯარო სკოლები და დღის ცენტრების სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ვერ პასუხობს მათ საჭიროებებს.

დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს კი, განსაკუთრებით 7-დან 18 წლამდე სწორი მიდგომები და განვითარების ეტაპების მრავალფეროვნება სჭირდებათ, რათა შეძლონ და გაიუმჯობესონ უნარები, დაიმკვიდრონ თავი პროფესიული თვალსაზრისით და პირველი ნაბიჯები გადადგან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

პროგრამის მიზანია ადამიანმა შეძლოს საკუთარი ინტერესების და შესაძლებლებლობების აღმოჩენა, ადკევატური შეფასება და პროფესიული ორიენტაციის დაზუსტება. პროგრამიდან გასვლის წინაპირობა პროფესიული არჩევანია.


სწორედ აღნიშნული მდგომარეობების გათვალისწინებით შეიქმნა პროგრამა „7+“, რომელიც ხელს უწყობს დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების (7 წლიდან 18 წლამდე) განვითარებას, განათლებასა და საზოგადოებაში ღირსეულ, თანასწორუფლებიან წევრად დამკვირდებას.

პროექტის მეთოდოლოგია შემუშავებულია  თანამედროვე მიდგომების და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.


ამჟამად, პროექტი მიმდინარეობს საპილოტე რეჟიმში 12 მოზარდის ჩართულობით. კამპანია #წინდამინდა კი სწორედ იმ იდეას ემსახურება, რომელიც პროექტის გაგრძელებასა და სხვა მოზარდების ჩართვას გულისხმობს.


პროგრამა ოფიციალურად აღიარებულია სხვადასხვა პროფესიული და მიზნობრივი უწყებების მიერ (განათლების სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, შშმ პირთა ორგანიზაციები და კოალიციები)


მიმდინარეობს პროგრამის ადვოკატირება სახელმწიფო მომსახურებად დამკვიდრებისთვის